ევროპული საქართველო გაანახლებს ავტოპარკს და განავითარებს ელექტროტრანსპორტს:
დღეს ქალაქს 680-მდე მეტწილად ამორტიზებული, არადაპტირებული და მგზავრობისთვის უკიდურესად არაკომფორტული ავტობუსი ჰყავს, საიდანაც 96 საავტობუსო მარშრუტზე ყოველდღიურად 510-მდე ავტობუსი მოძრაობს. ყოველდღიურად ავტობუსებით 390,000 ადამიანი მგზავრობს. ავტოპარკს 143 ახალი ავტობუსი დაემატა, მაგრამ პარკის შემდგომი განახლების პერსპექტივა ბუნდოვანია. არადა, ქალაქს ესაჭიროება, სულ მცირე, 800 ავტობუსი, რათა დაემატოს ახალი მარშრუტები, გაიზარდოს ავტობუსების რაოდენობა მოქმედ მარშრუტებზე და შემცირდეს ლოდინის დრო მგზავრებისთვის.
ტრამვაი - უკვე არსებობს კვლევა ტრამვაის ერთი ხაზის - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის მიმართულებით - მშენებლობის დასაგეგმად და დასაწყებად. უცხოური საინვესტიციო ბანკებიდან აღებული 150 მილიონი ევროს ოდენობის იაფი სესხით დაიწყება დეტალური პროექტირებისა და შემდეგ - მშენებლობის სამუშაოები, რაც, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წლის განმავლობაში. გაგრძელდება ტრამვაის ქსელის განვითარების სხვა შესაძლებლობების კვლევა-შესწავლა, პროექტირება და მომზადება მისი განხორციელებისთვის.
საბაგიროები - დაიწყება შემდეგი ხაზების მშენებლობა: უნივერსიტეტი - ბაგები - წყნეთი; დიდუბე - ვაშლიჯვარი - ლისი; თბილისის ზღვა - ლოტკინი - სადგურის მოედანი; ზღვის უბანი - ახმეტელის თეატრი; ვაზისუბანი - მეტრო "სამგორი"; ვაკის პარკი/კუს ტბის დაკავშირება ახალ სადგურთან მთაწმინდაზე და მთაწმინდის დაკავშირება ნარიყალა/რიყის არსებულთან.
თბილისის მეტრო - დღეს არსებული მდგომარეობით, მეტრო ქალაქში მგზავრების ერთ-ერთი მთავარი გადამყვანია. ყოველდღიურად მეტროთი 300,000-მდე მოქალაქე მგზავრობს. გარდა იმისა, რომ კაპიტალურად განახლდება მეტროს არსებული ინფრასტრუქტურა, დაიწყება მეტროს ახალი ხაზების დაპროექტება.