შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

ქუჩების სისუფთავის უზრუნველყოფა და ნარჩენების მართვის სისტემის გამართულ ფუნქციონირება ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადად ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისთ. 2006 წლიდან მოწესრიგდა ქუჩების დაგვა-დასუფთავების საკითხი; ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე განთავსდა ნარჩენების შეგროვებისათვის განკუთვნილი კონტეინერები; გაუმჯობესდა ნარჩენების გატანის სიხშირე და ხარისხი; დაიხურა გლდანის ნაგავსაყრელი, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

ჩამოთვლილი მიმართულებების ხარისხის შემდგომი სრულყოფის გარდა (ტექნიკისა და კონტეინერების მუდმივი განახლება, სპეციალური ტექნიკის დამატება და ა.შ), მთავარ გამოწვევად რჩება ნარჩენების საბოლოო უტილიზაციისთვის სპეციალური გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, სადაც ნარჩენების სეპარაცია და გადამუშავება მოხდებოდა.

თბილისში კვლავ მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო ნარჩენების სპეციალური პოლიგონის არარსებობა. სამშენებლო ნარჩენების არასათანადოდ განთავსება კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. დღეს ამ მიმართულებით მხოლოდ სტიქიური ნაგავსაყრელებია მოწყობილი. სწორედ ამიტომ ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამშენებლო მასალების შეგროვება-გატანისა და საბოლოო უტილიზაციის პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგებაა.