თბილისის საზოგადოებრივი სივრცე - სადარბაზო, ლიფტი, ეზო, ქუჩა, გადასასვლელი, სკვერი, პარკი, საჯარო დაწესებულება - არამეგობრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რის გამოც დროის უდიდეს ნაწილს ისინი სახლში ატარებენ. ეს გარემოება ზღუდავს მათ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება, დაეუფლონ პროფესიას და დასაქმდნენ, რაც ადამიანის თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. "ევროპული საქართველო" გეგმავს:
- დახვეწოს სამშენებლო რეგულაციები, რათა საზოგადოებრივი სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაადგილებაზე მორგებული გახდეს (პანდუსები და და ხმოვანი მანიშნებლებით აღჭურვილი სპეციალური ბილიკები ტროტუარებზე; ხმოვანი შუქნიშნები; სპეციალური ლიფტები მიწისქვეშა გადასასვლელებში);
- დააწესოს შესაბამისი პირობები მუნიციპალურ სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა ტენდერების რეგლამენტში;
- გახადოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის; ადაპტირებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტში (ასევე საჯარო დაწესებულებების სივრცეებსა და საჯარო მოხმარების მუნიციპალურ აპარატებზე) იყოს ბრაილის შრიფტით შესრულებული წარწერები;
- ჩაატაროს კამპანიები საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.