შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

“ევროპული საქართველო” საბიუჯეტო სახსრებით გააგრძელებს მწვავედ ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრებას, ქალაქის ისტორიული, ტურისტული პოტენციალის მქონე უბნების რეაბილიტაციას, თუმცა ამავდროულად, საბიუჯეტო დაფინანსების ეფექტურად გამოყენებით, უნდა შევქმნათ ამ პროცესში სამშენებლო ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობის სტიმულირების სპეციალური პროგრამა, რომლის შედეგადაც ათასობით ავარიული, უკვე დანგრეული და ქალაქში არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტიით, კერძო ინვესტორებთან ერთად გადაიჭრება.

“ევროპული საქართველო” თბილისის ბიუჯეტიდან დააფინანსებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე კედლების მაღალეფექტური თბოსაიზოლაციო და ხმის საიზოლაციო მასალით შეფუთვის პროექტს, რაც შესაძლებელს გახდის ენერგორესურსების მოხმარების ეფეტურობის ამაღლებას, კომუნალური ხარჯების მკვეთრ დაზოგვას და გარემოს დაბინძურების შემცირებას. შეფუთული გარე კედლების დაბალი თბოგამტარობა და მაღალი თბოიზოლაცია უზრუნველყოფს მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 30%-მდე შემცირებას, რაც, ამასთანავე, საცხოვრებელი კორპუსების იერსახის მოწესრიგებსაც შეუწყობს ხელს. შესაფუთ მასალას აქვს კარგი ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები, უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის და სუფთაა ეკოლოგიურად.