შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

“ევროპული საქართველო” ბიზნესის ხელშეწყობისთვის ქონების გადასახადს 10%-ით შეამცირებს. „საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ“ (Public-Private Partnership) “ევროპული საქართველოს” ინიციატივის ფარგლებში, თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორისთვის გარკვეული გარანტიების მიცემაში, რისკების გადანაწილებასა და ბიზნესშესაძლებლობების გაფართოებაში.

განახლდება ქალაქის ისტორიული უბნების - მაგალითად, მეტეხის უბნის, ხარფუხის, მაჭრისხევის - რეაბილიტაცია და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. ტურისტულად მიმზიდველ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციით, მათ მესაკუთრეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, წამოიწყონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები ისევე, როგორც ეს მოხდა კალაუბნის, აბანოთუბნის, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ.

ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საფეხმავლო სივრცეების მოწესრიგებას იმგვარად, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იყოს რეაბილიტირებულ სივრცეებში ახალი მცირე ბიზნესების შექმნა (პატარა კაფეები, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სავაჭრო დახლები, მოწესრიგებული გარევაჭრობის ადგილები), რაც ქალაქში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს გააჩენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსხვილი ინდუსტრიული საწარმოები ქალაქის ფართობის 17,4%-ს იკავებდა. მათი დიდი ნაწილი დაიხურა, რამაც განაპირობა ქალაქის ფარგლებში უფუნქციო ტერიტორიების, ე.წ. “ბრაუნფილდების” გაჩენა. მოცემული ადგილების გამოყენება შესაძლებელია როგორც კომერციული, ასევე მუნიციპალური პროექტებისათვის, მათ შორის, სარეკრეაციო ზონების, საზოგადოებრივი სივრცეების, სოციალური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. თბილისში „ბრაუნფილდები“ ქალაქის თითქმის მთელს სიგრძეზე, მტკვრისა და რკინიგზის დერეფნის გასწვრივაა განლაგებული. ისინი იწვევენ ქალაქის სტრუქტურის ფრაგმენტაციას და უარყოფითად მოქმედებენ მიმდებარე ტერიტორიების განვითარების პოტენციალზე. მოცემული პრობლემის მოგვარება გააჩენს ახალ შესაძლებლობებს თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რაც დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.