შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ელენე ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ხედვით, თბილისის განვითარება მიმართული უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის, მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებისა და თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისაკენ.

დასაქმების გაზრდა შესაძლებელია გადასახადების შემცირებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებითა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენით. თბილისის შუაგულიდან რკინიგზის ხაზის გადატანა ათავისუფლებს 1,5 მილიონამდე კვადრატულ მეტრს, რომელსაც ბიზნესსექტორი ბინათმშენებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის აითვისებს, ხოლო თვითმმართველობა - ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის, “ცენტრალური პარკისა” და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად.

“ევროპული საქართველოს” მიერ გატარებული პოლიტიკით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თბილისში შეიქმნება 35,000 სამუშაო ადგილი, 200,000-ზე მეტი პენსიონერი მიიღებს 50-ლარიან ყოველთვიურ საპენსიო დანამატს, ხოლო 100,000-მდე სოციალურად დაუცველი - დამატებით 70 ლარს საარსებო შემწეობას თვეში.

“ევროპული საქართველო” გეგმავს, განავითაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქვეითთათვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შექმნას მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა, მიმართოს რესურსი ავარიული სახლების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვითა და კერძო ინვესტიციების ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მოახდინოს ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, სატვირთო რკინიგზის გადატანის შედეგად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე - 20 ჰექტარზე - გააშენოს “ცენტრალური პარკი”.

გრძელვადიან პერსპექტივაში, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდეს. ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ. 10 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტს საერთოდ აღარ ეყოლება დიზელსა და ბენზინზე მომუშავე, გამონაბოლქვის გამომყოფი ტრანსპორტი. ამისათვის, 2018 წელსვე დაიწყება ავტოპარკის შევსება-განახლება. შემდეგ ეტაპზე, გაზზე მომუშავე ავტობუსები ეტაპობრივად ჩანაცვლდება ელექტროავტობუსებით. ავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, მეტროსთან ერთად, განვითარდება ეკოლოგიისთვის აბსოლუტურად უვნებელი, თანამედროვე ტრამვაი და საბაგირო გზა. ფეხით მოსიარულეთათვის მოეწყობა ,,ზებრა“ გადასასვლელები, ველობილიკები, საფეხმავლო სივრცეები.