დღევანდელი „ოცნების" მმართველობის პირობებში პოლიტიკური/ელიტური კორუფცია ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ეკონომიკური ზრდით მიღებული დოვლათი მხოლოდ ხელისუფლებასა და მათთან დაახლოვებულ ოჯახზე ნაწილდება და ამით ვერ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, იზრდება უთანასწორობა და უსამართლობა. ხელისუფლება კორუფციისთვის იბრძვის და არა - კორუფციის წინააღმდეგ. „გახარია - საქართველოსთვის" გუნდისთვის კორუფცია სახელმწიფოს ღალატია, რაც ყველაზე მძიმედ ხელყოფს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას. ჩვენთვის აქ კომპრომისები არ იქნება!
ხელისუფლების სათავეში ყოფნის მოკლე დროში, ჩვენ მოვახერხეთ კორუფციული რისკების დაზღვევა ქვეყნისთვის კრიტიკულ პერიოდში - „კოვიდ 19" პანდემიის დროს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პრიორიტეტში ასაყვანად, ანტი-კორუფციული უწყებათშორისი საბჭო იუსტიციის სამინისტროდან გადმოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, დავიწყეთ აქტიური მუშაობა სუსი-დან და პროკურატურიდან კორუფციის გამოძიების ფუნქციის გამოსატანად და რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული საგამოძიებო სამსახურის შესაქმნელად.
ჩვენი სამთავრობო პროგრამა უმნიშვნელოვანეს მიმართულებად სწორედ კორუფციის წინააღმდეგ სისტემურ ბრძოლას ითვალისწინებდა, კორუფციასთან ბრძოლა, რჩება ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი მმართველობის პერიოდში დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ხელისუფლებაში აღარ იქნება კორუმპირებული ჩინოვნიკების ადგილი. დავასრულებთ ხალხის ხარჯზე, უკანონოდ გამდიდრებული რამდენიმე ადამიანის, ელიტური ჯგუფების და მათი ოჯახების, რეგიონული ფეოდალების კორუფციულ მმართველობას. კორუფციისგან გათავისუფლდება ყველა სფერო - მუნიციპალიტეტები, სამინისტროები, სასამართლო.