შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული დეოკუპაციის და მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია მწყობრი შეთანხმებული ხედვა და სტრატეგია. სტრატეგიის განახლების პარალელურად გავააქტიურებთ ძალისხმევას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა გააქტიურდეს საქართველოს სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებრივი მდგომარეობის საკითხები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ მხრივ გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ანტიანექსიური პოლიტიკის შესაბამისი ნაბიჯები, რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების სრულფასოვანი შესრულება და რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება. 

 

ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ვიმუშავებთ:

 

  • ჟენევის ფორმატის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) სრულფასოვანი ფუქნციონირების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებიდან გამომდინარე.

  • „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" რეალურად ასამოქმედებლად და გასაფართოებლად, მათ შორის სოფელ კირბალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელების სიაში შეყვანით.

  •  საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და სახალხო დიპლომატიის ხელშესაწყობად, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით, რასაც ე.წ რუსული კანონის გაუქმებით გავაძლიერებთ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით.

  • საოკუპაციო გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ მათი შეზღუდული უფლებების აღდგენის მიზნით შევიმუშავებთ ინიციატივას, რათა გაიზარდოს შსს-ს მანდატი და ეფექტიანობა, რაც გულისხმობს ოკუპაციის ხაზის მონიტორინგის გახშირებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც დაკავშირებული იქნება დეოკუპაციის სტრატეგიასთან. ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის იქნება პრიორიტეტი უსაფრთხოების გაძლიერების ინიციატივებში. ამ გზით გავაძლიერებთ ადგილებზე უსაფრთხოებას, მედეგობას და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერით შევძლებთ ადგილებზე მიგრაციული პროცესების შეჩერებას, ისევე როგორ გავაჩენთ განსხვავებულ სურათს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

  •  გავაძლიერებთ ქალების როლს სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის გასაძლიერებლად ყველა დონეზე გაეროს 1325 რეზოლუციის ქალები, მშვიდობასა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. შესაბამისად, გავაძლიერებთ დევნილ და საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელი ქალების ჩართულობას სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელების პროცესში, მათ შორის შესაბამისი დიალოგის ფორმატებში.

  •  იმისთვის, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მედეგობა, შევიმუშავებთ ამ მოსახლეობაზე ორიენტირებულ და გამიზნულ საგანგებო პოლიტიკას, რაც საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე 116 სოფლის განვითარების კანონის შექმნის სახით განხორციელდება. ამისთვის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ჩავატარებთ მოსახლეობის საჭიროებათა კომპლექსურ კვლევას ყველა ადგილობრივი (სამთავრობო და არასამთავრობო), ისევე როგორც საერთაშორისო აქტორის მხარდაჭერით. მოსახლეობის საჭიროებათა ნუსხაში იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სოციალური და ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის საჭიროებანი, სახელმწიფო სერვისებზე წვდომა, ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდა. ადამიანის უსაფრთხოების კონცეფცია იქნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განზომილების ნაწილი და მასზე დაყრდნობით მოხდება შესაბამისი პოლიტიკის და კანონის შემუშავება.

  • გავამარტივებთ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურას, მათთვის, ვინც დაბადებულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და არ ფლობენ საქართველოს მოქმედ იურისდიქციაში გაცემულ დოკუმენტებს.

  • აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის გადაადგილების თავისუფლების ხელშეწყობა ე.წ. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების არეალის გაფართოებით შენგენის ზონასა და ჩვენს უშუალო სამეზობლოში.

  •  აფხაზური და ოსური სანომრე ნიშნიანი მანქანების თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.

  • ტვირთის და გადაადგილების რეგულაციების ლიბერალიზაცია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან. 

  • უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გაზრდა: 

  • აფხაზური და ოსური იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართული პროგრამების და აფხაზური ენის განვითარების მხარდაჭერა შესაბამისი აკადემიური პლატფორმების შექმნის გზით.

  • ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოვიძიებთ დამატებით სპეციალურ რესურსებს.

  • ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შევქმნით საჭირო სერვისებს, ასევე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისებზე გავზრდით ხელმისაწვდომობას.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები