საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი საერთო ეროვნული მიზანია. ჩვენ ვთვლით, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე არ არსებობს ძლიერი ქართული სახელმწიფო და რომ რუსებს, აფხაზებსა და ოსებს დე-ოკუპაციაზე ჩვენს მაგივრად ვერავინ ვერ დაელაპარაკება. ევროკავშირის წევრობა გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო დასავლელ პარტნიორებთან ერთად ძლიერი პოზიციით ესაუბროს ოკუპანტ ქვეყანას მშვიდობიან დე-ოკუპაციაზე და მიაღწიოს შედეგს! ეს განსაკუთრებით ნათელია დღეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები თვალნათლივ წარმოაჩენს ადგილობრივი მოსახლეობის უუფლებობას, ქმნის მათი იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს. ჩვენ შევიმუშავებთ დეოკუპაციის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების საერთო ეროვნული ხედვას და სტრატეგიას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული უწყებების სამოქმედო გეგმას, საშუალო და გრძელვადიან მიზნებს და მათი განხორციელების საშუალებებს. სტრატეგიაში მოხდება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის კომპონენტის ჩართვა. რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვაზე, ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, კავშირების და გადაადგილების, სოციალურ და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზემიმართულ ინტერვენციებს. აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება მოხდება საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების ფართო ჩართულობით, ეროვნული თანხმობის საფუძველზე 1 წლის ვადაში.
ჩვენ გავააქტიურებთ ძალისხმევას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა საქართველოს სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებრივი მდგომარეობის საკითხები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში დარჩეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, უსაფრთხოების გაზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების განვითარებისა და უსაფრთხოების მიზნით შევიმუშავებთ მოსახლეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რაც მათი საჭიროებების და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებას მოიცავს.
რეინტეგრაციის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის უზრუნველვყოთ უფრო ღირსეული პირობები, გაძლიერდეს მათი უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა, ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციის შესაძლებლობებს საქართველოს ერთიან სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამისთვის
ჩვენ, გავამარტივებთ ნეიტრალური დოკუმენტების გამოყენებას გადაადგილებისთვის. გავზრდით უმაღლესი განათლებისა და ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობებს, გავამარტივებთ აფხაზური და ოსური სანომრე ნიშნიანი მანქანების გადაადგილებას და ტვირთის გადატანის რეგულაციებს გამყოფ ხაზებთან. ასევე, დავიცავთ აფხაზურ და ოსურ იდენტობას კულტურული მემკვიდრეობის პროგრამების მხარდაჭერით და გავზრდით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ქალებისთვის.