შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ნატოსთან თავსებადი, მაღალტექნოლოგიური, და მობილური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებისკენ. გათვალისწინებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის, ისევე როგორც ყარაბაღის მეორე კონფლიქტის გამოცდილება, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების მხრივ.

 

  • მოხდება სამოქალაქო თავდაცვის, აგრეთვე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ოპტიმიზაცია, ისევე როგორც ეროვნული მედეგობის და წინააღმდეგობის სისტემის დახვეწა.

  • მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარებას და ამ მიმართულებით კვლევების განხორციელებას.

  • თავდაცვის ინფრასტრუქტურა მუდმივ განახლებას საჭიროებს, რასაც სათანადო ყურადღება დაეთმობა. ამ კონტექსტში, გადაიხედება ვაზიანის სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხი და მიღებული იქნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება. საჭიროების შემთხვევაში, მოძიებული იქნება სათანადო სტანდარტების შესაბამისი ალტერნატიული ტერიტორია ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობისთვის.

  • ეფექტური თავდაცვის სისტემის აუცილებელი წინაპირობაა სტაბილური, მრავალწლიანი დაგეგმვის მქონე და თავდაცვის საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი. ამ მიზნით, ვგეგმავთ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2 პროცენტამდე გაზრდას, რაც უზრუნველყოფს საშუალო და გრძელვადიან დაგეგმვას და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობას.

  •  საერთაშორისო თანამშრომლობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში. გავზრდით დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. განვაახლებთ აშშ - საქართველოს საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებს და გავზრდით საქართველოს მონაწილეობად ნატოს საერთაშორისო წვრთნებში.

  •  აღვადგენთ და გავაძლიერებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან, თავდაცვის სფეროში ევროპული სამშვიდობო ინიციატივის (EPF) ფარგლებში.

  • საქართველოს დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურებს მთავარი როლი აკისრიათ ქვეყნის წინაშე არსებული არასამხედრო ტიპის რისკებისა და საფრთხეების გაუვნებელყოფაში.

  • ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია დაზვერვის სამსახურის შესაძლებლობათა გაზრდა და ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებით გაძლიერება.

  • კრიტიკულად აუცილებელია უსაფრთხოების სექტორში პოლიტიკურად ნეიტრალური, კარიერული რყევებისგან დაცული პროფესიონალური სამსახურის ჩამოყალიბება. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების შესაბამის უწყებებთან ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.

  • აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) გაძლიერება რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, კონტრ-დაზვერვის და კონტრ-ტერორისტული მიმართულებით. ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება სუსი-სგან ანტიკორუფციული სამსახურის გადატანით ანტიკორუფციული ბიუროში.

  • პოლიციაში გავაგრძელებთ სისტემურ განახლებას, რომელიც 2018 წელს დავიწყეთ. მნიშვნელოვანია ფუნქციების გამიჯვნა, როგორც სისტემის შიგნით, ისე გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის, გამომძიებლების კვალიფიკაციის გაზრდა, და გამომძიებლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ასევე მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა. ჩვენ ვიქნებით მკაცრი მძიმე ძალადობრივ და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. შეურიგებელი იქნება ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან.

  • ჩვენი მიზანია შევქმნათ ანალიზზე და ადრეულ პრევენციაზე, დაფუძნებული სისტემა, რომელიც ერთდროულად ებრძვის დანაშაულს და ზრუნავს ადამიანზე, იცავს მოქალაქეთა უფლებებს. განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება არასრულწლოვნებზე ზრუნვა. პრევენციით შევამცირებთ დანაშაულის რისკებს და საფრთხეებს. დანაშაულს შევებრძოლებით ადამიანის უფლებების დაცვით და არა - უფლებების დარღვევის ხარჯზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენს მიერ 2018 წელს შექმნილ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს დავუბრუნებთ მის ქმედით ფუნქციას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს დავნერგავთ ყველა საგამოძიებო უწყებაში.

  • მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციის ავტონომიურობის თვისობრივი ზრდა, მისი ინსტიტუციური გამთლიანება და მესაზღვრეთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა. აუცილებელია სანაპირო დაცვის, სახმელეთო ძალების და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობათა შემდგომი განვითარება, მათ შორის საზღვრის მონიტორინგის თანამედროვე სისტემების დანერგვა, ინფრასტრუქტურის და ლოგისტიკის გამართვა. ამ მიზნით, აქტიურად გამოვიყენებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის დახმარებას. მნიშვნელოვანია, სასაზღვრო პოლიციის და თავდაცვის ძალების ურთიერთქმედების კონცეფციის შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება. აღსანიშნავია სანაპირო დაცვის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განხორციელებაში.

  • მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგარეო დაზვერვის, სასაზღვრო პოლიციის და სანაპირო დაცვის მეთაურთა ფიქსირებული ვადით დანიშვნა/არჩევა, მაქსიმუმ ორი როტაციის შესაძლებლობით.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები