ჩვენი მიდგომა ურბანული პოლიტიკის საკითხებისადმი, კორუფციის აღმოფხვრის გარდა, მოიცავს გეგმარებითი ურბანული განვითარების დამატებით საკითხებს, როგორიცაა:
კანონის მიღება მწვანე სივრცეებზე მოქალაქეების უფლებების შესახებ. ეს კანონი აღიარებს მოქალაქის უფლებას მწვანე სივრცეზე და უზრუნველყოფს მათ დაცვას. კანონი დაადგენს მწვანე სივრცეების გამოყოფის, წვდომისა და ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს, განსაზღვრავს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ვალდებულებებს და უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სამშენებლო ნარჩენების ხელახალი გამოყენება და გადამუშავება (რეციკლირება) საქართველოში ყოველწლიურად წარმოიქმნება დაახლოებით 1.5 მილიონი ტონა სამშენებლო ნარჩენი, მაგრამ მისი მხოლოდ 10% გადის ხელახალ გამოყენებას ან რეციკლირებას. დანარჩენი ნარჩენები, სათანადო დამუშავების გარეშე, იყრება ნაგავსაყრელებზე ან ღია სივრცეებში, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ევროკავშირთან და მდგრადი განვითარების მიზნებთან. საქართველოს სჭირდება პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს სამშენებლო ნარჩენების რეციკლირებას და უზრუნველყოფს სამართლებრივ და ფინანსურ მხარდაჭერას. ეს შეამცირებს ნარჩენების გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მაჩვენებლებს და ხელს შეუწყობს ეფექტიანობის ზრდას და მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას.
მსხვილი ურბანული დასახლებების გაფართოება. დღევანდელი ურბანული პოლიტიკა მორგებულია მოთხოვნა-მიწოდების ფორმატზე. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზე მაღალია მაგალითად, თბილისსა და ბათუმში, აღნიშნულ ქალაქებში მიმდინარეობს
განაშენიანების უპრეცენდენტოდ სწრაფი პროცესები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მწვანე სივრცეებისა და ადამიანებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეკრეაციული ობიექტების, ასევე ქალაქის ისტორიული იერ-სახის შენარჩუნებას. არსებული ურბანული პოლიტიკა შესაცვლელია. ქალაქის მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოყონ და დააგეგმარონ ქალაქის მიმდებარე უბნები იმგვარად, რომ ამ უბნებში მშენებლობა იყოს მიმზიდველი საინვესტიციოდ. ასევე, ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები უკვე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის მეპატრონეებთან (თუ მიწა არსებული წესების მიხედვით კანონის ფარგლებშია შეძენილი) მათ მფლობელობაში არსებული კორპუსების მშენებლობისათვის გამიზნული მიწების გამოყოფილ ტერიტორიებზე შესაბამისი მიწის ნაკვეთებით ჩანაცვლების თაობაზე.
მოხდება შენობებიდან დაშორების სავალდებულო მანძილების სტანდარტის გადახედვა და შენობის სიმაღლის განსაზღვრა გზის სიგანისა და გამტარუნარიანობის საფუძველზე.
ქალაქმშენებლობის გეგმების გამწვანება და მიწის მიზნობრივი დანიშნულების ისეთი ცვლილების აკრძალვა, რომელიც ამცირებს მწვანე საფარს. საქართველოში მიმდინარე ინტენსიური ურბანიზაციის პირობებში, ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია მწვანე სივრცეების სათანადო რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. მაგალითად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ერთ ადამიანზე 10 მ2-ზე ნაკლები ფართობის მწვანე სივრცე არ უნდა მოდიოდეს, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ეს სივრცე 4 მ2-ზე ნაკლებია (ევროპულ ქალაქებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 მ2-ია). მაღალი შენობებით გადატვირთული ქალაქები, სადაც მცირე მწვანე სივრცეები, უარყოფით ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ქალაქის ესთეტიკურ მხარეზე, არამედ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას სითბოს კუნძულების შექმნის, ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობის შეზღუდვის და ადამიანების კეთილდღეობისათვის აუცილებელი ძალიან მწირი ინფრასტრუქტურის გამო. ამიტომ, საჭიროა მიწათსარგებლობის გეგმების გადახედვა და განახლება სათანადო ფართობის მწვანე სივრცეების აუცილებლობის გათვალისწინებით.