პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კულტურის სფერო გათავისუფლდეს პოლიტიკური ჩარევებისგან და მართვა გადავცეთ პროფესიონალებს. სახელმწიფოს როლი იქნება ჯანსაღი კონკურენციის გარემოს შექმნა და სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება. ეს გულისხმობს სახელოვნებო დარგების ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდას, კონკურსებისა და ტენდერების საშუალებით დაფინანსების სისტემის დანერგვას, და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით ფინანსური რესურსების მოპოვებას.
ასევე, კულტურული ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში გავაძლიერებთ ხელოვნების და კულტურის ისტორიის სწავლების პრაქტიკას, ხოლო საარქივო საქმიანობაში მაქსიმალურად გამოვიყენებთ ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც მემკვიდრეობის, ისე თანამედროვე კულტურული პროექტების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას.
ინოვაციებისა და კონკურენციის ხელშეწყობით, ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ქართული კულტურა მსოფლიო ასპარეზზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, ხოლო მის ეკონომიკურ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.