ჩვენი პარტიისთვის კულტურა არის ეროვნული იდენტობის ფუნდამენტი და ქვეყნის მომავლის ძლიერი საყრდენი. სამწუხაროდ, ქართულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობის შემდეგ ვერ შეძლო კულტურის სფეროს გათავისუფლება საბჭოური მართვის მახინჯი ტრადიციებისგან, და დღეს პოლიტიკურმა ჩარევებმა და პოლარიზაციამ ეს სფერო კიდევ უფრო დააზიანა. ჩვენი მიზანია, საქართველოში დამკვიდრდეს კულტურის ევროპული მართვის სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები, რაც მისი განვითარების და თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობის საფუძველს შექმნის.