ჩვენი გეგმა გარემოსდაცვითი ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოფა გარემოს დაცვის კომპონენტი და შეიქმნება ცალკე მდგომი გარემოს დაცვის სამინისტრო.
მოხდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამანეტის რეფორმირება. ერთმანეთისგან გაიმიჯნება ინსპექტირებისა და სწრაფი რეაგირების ერთეულები. დაემატება საპატრულო ეკიპაჟები ხოლო ინსპექტირების ერთეულში - გაიზრდება ინსპექციების რაოდენობა და შესაძლებლობები.
განხორციელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობების შექმნა. ეს საკითხი განსაკუთრებულ კავშირშია ბუნებრივი კატასტროფების სისტემის გამართვასთან, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს კოორდინაციის მექანიზმის გაძლიერება.
გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების როლი და შესაძლებლობები გარემოსდაცვით საკითხებში. განსაკუთრებით რეგიონული წარმომადგენლობების პირობებში, თვითმმართველობებისთვის განისაზღვრება უფლებამოსილებათა მანდატი. გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
შეიქმნება გარემოსდაცვითი პროკურორის ინსტიტუტი. გარემოს დაბინძურებისგან, რესურსების უკანონო მოპოვებისა და სამრეწველო საქმიანობისგან მომდინარე მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით აუცილებელია სპეციალიზებული სამართალდამცავი ორგანოს შექმნა.
ადვოკატებისა და მოსამართლეთა სალიცენზიო გამოცდებში განხორციელდება გარემოსდაცვითი დანაშაულის საკითხების კომპონენტის ჩართვა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს პროფესიონალ იურისტებს შორის გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნის გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულებას და გამართული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას.
გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, პარტიის მიდგომა ითვალისწინებს 3 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას, რაც მოიცავს ტყისა და ბიომრავალფეროვნების, კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკისა და ურბანული განვითარების მიმართულებებს.
ქვეყნის საბაზისო ინფრასტრუქტურისა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, გავლენას ახდენს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე, მათ შორის ველური სახეობების საბინადრო ადგილების განადგურებაზე ან/და მათ დანაწევრებაზე. ამ ნეგატიური გავლენის კომპენსირებისთვის ჩვენ მიერ დაგეგმილი ნაბიჯები მოიცავს:
სათბობ შეშაზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც მიღწეულ იქნება გაზიფიცირების გეგმის შესაბამისად დასრულებით, ასევე იმ სოფლებში, სადაც ვერ ხერხდება გათბობის ალტერნატიული საშუალებების უზრუნველყოფა, სახელმწიფო მოახდენს მაცხოვრებლების უზრუნველყოფას ენერგო ეფექტური ღუმელებით.
ტყეების აღდგენა და გაშენება. რაც ხელს შეუწყობს დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და ტყით დაფარული ტერიტორიების გაფართოვებას.
გზებისგან თავისუფალი ტერიტორიების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა.
კერძო სექტორის პასუხისმგებლობის და როლის გაძლიერება ბიომრავალფეროვნებისა და ტყის მდგრადი მართვის/აღდგენის საკითხებში. კერძო სექტორის ბუნების აღდგენის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. განსაკუთრებით ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა მწვანე ობლიგაციები, ნახშირბადის კრედიტები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.
კლიმატის ცვლილების საბჭოს გააქტიურება.
შემოვიღებთ ადეკვატურ საგადსახადო მექანიზმს კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად ელექტროენერგიის მოხმარებაზე,
მოხდება ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანოს განსაზღვრა.