ჩვენ, პარტია „გახარია საქართველოსთვის", წარმოვადგენთ სოციალ-დემოკრატიულ, პროგრესულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოწოდებულია ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციისკენ. ამ ტრანსფორმაციის შედეგად ის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, დაეფუძნება თავისუფლების, სოციალური თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს.
ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ, რომელიც აღიარებს თითოეული მოქალაქის თანაბარ ღირსებას, ადამიანის თავისუფლებისა და მისი უნიკალური, ინდივიდუალური პოტენციალის სრული რეალიზებისთვის უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული საჭიროებები, მათ შორის, ღირსეული სამუშაო ადგილები, ეფექტური და გარანტირებული სოციალური დაცვა, ღირსეული საცხოვრისი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება.
ჩვენ ვიბრძვით სოლიდარული საზოგადოებისთვის, სადაც ყველას აქვს წარმატების მიღწევის სამართლიანი შესაძლებლობა; საზოგადოებისთვის, რომელიც ეფუძნება როგორც თაობათა შორის სოლიდარობას, ისე ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური, ეთნიკური და კულტურული ჯგუფების ურთიერთ მხარდაჭერისა და ურთიერთ განვითარების იდეას, რაც, თავის მხრივ, პროგრესისა და ჰარმონიული თანაცხოვრების საწინდარია. ჩვენ ვემსახურებით ისეთი საზოგადოების იდეას, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განვითარება ყველა დანარჩენის მიზანი და ინტერესია. ამისათვის, ჩვენ გვჭირდება სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია.