შეზღუდული შესაძლებლობის პირების მხარდაჭერა იქნება ჩვენი გუნდის განსაკუთრებული
პრიორიტეტი. ამისთვის:
შშმ პირების საზოგადოებაში ინკლუზიურად ჩართვის მიზნით შემუშავდება შშმ პირების ხელშეწყობის სტრატეგია, რომელიც ერთის მხრივ ორიენტირებული იქნება ამ პირთა ეკონომიკურ აქტივობაში სრულფასოვნად ჩართულობის ზრდაზე, ხოლო მეორეს მხრივ, მათთვის თანამედროვე სოციალური მხარდაჭერის შექმნაზე.
პრიორიტეტი მიენიჭება შშმ პირთა უფლებების კონვენციის სრულფასოვან შესრულებასა და უწყებათაშორის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი მექანიზმის შექმნას, რომლიც ორიენტირებული იქნება თემზე ფოკუსირებასა და მათთან დაკავშირებული პროცესების მართვაზე.
სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები დაეფუძნება შშმ პირთა ფართო ჩართულობას. დაინერგება შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების სოციალური მოდელი, წახალისდება შშმ პირთა დასაქმება ადაპტირებულ სამუშაო გარემოში. შეიქმნება საინფორმაციო მხარდაჭერის პლატფორმა შშმ ბავშვების მშობლებისთვის.
განხორციელდება დღის ცენტრების პროგრამის სტანდარტების გადახედვა და ცვლილება, ის გახდება მეტად მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული. შშმ პირთა ხელშეწყობისთვის განხორციელდება სახელმწიფო პანსიონატების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამავდროულად შშმ პირთა ახალი სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულება იქნება მცირე საოჯახო საცხოვრისთა ეკოსისტემის გაძლიერება.