შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოსთვის

 

 თანასწორობის და ძალადობისგან დაცვის პოლიტიკა

„გახარია - საქართველოსთვის" გუნდისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად ბრძოლა არასოდეს იდგა განცალკევებით სახელმწიფო მმართველობის სისტემისგან და ასე იქნება მომავალშიც - ადამიანის უფლებების დაცვა იქნება სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრინციპი, რომლის გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროში. პრიორიტეტი იქნება არამხოლოდ სამოქალაქო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბავშვების, ქალების და ხანდაზმულების ძალადობისგან (მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან) დასაცავად. ჩვენმა გუნდმა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა - მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, გავამკაცრეთ სასჯელი, დავადგინეთ უფლებების შეზღუდვა მოძალადეებისთვის, შევქმენით მოძალადეების ბაზა. ჩვენ მივიყვანთ საქმეს ბოლომდე და შევქმნით ყველა სახის ძალადობისგან ბავშვების დაცვის ქმედით სისტემას - ბავშვების დაცვა ძალადობისგან (მათ შორის სექსუალური და ონლაინ ძალადობისგან), ბავშვთა პორნოგრაფიის და პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ჩვენი ერთ- ერთი პრიორიტეტი.

 

ჩვენ გავაგრძელებთ გენდერული ძალადობის, „ფემიციდის" წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. პირველ რიგში, დავიბრუნებთ წამყვან პოზიციებს - რეაგირების მაღალ ხარისხს, ქალთა მიმართ ძალადობის დაბალ მაჩვენებელს და „ფემიციდის" შემცირებულ შემთხვევებს. შემდგომ ეტაპზე ჩვენ დავნერგავთ ბავშვთა მიმართ ძალადობის, გენდერული ძალადობის, „ფემიციდის" წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მექანიზმებს, რომელიც პასუხისმგებელ უწყებებს შორის ქმედით კოორდინაციას უზრუნველყოფს - შევცვლით არასწორ მიდგომას, რომლის თანახმად, ამ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის საქმეა. ძალადობის პრევენციის პროცესში აქტიურად ჩავრთავთ განათლების სამინისტროს, სოციალურ სამსახურს და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს. მოვაგვარებთ წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას და გავზრდით სოციალური მუშაკების რაოდენობას და ანაზღაურებას.

 

ხელს შევუწყობთ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტებში მათი წარმომადგენლობის უზრუნველყოფით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არ დარჩეს დაპირებად. ამიტომ, უკვე ვმუშაობთ, რომ პარტია გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით იყოს წარმოდგენილი. შევქმნით მათი დასაქმების და პოლიტიკური მონაწილეობის თანაბარ პირობებს.

 

ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და მომავალშიც გავაგრძელებთ ბრძოლას ყველას სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

 

 

პარტიის პოზიცია
პარტნიორები