„გახარია საქართველოსთვის" გუნდის მიზანია ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა, რომლებიც იმუშავებს მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოში სამართლიანი წესრიგის უზრუნველსაყოფად. ჩვენ შევქმნით სისტემას, სადაც არსებობს ურთიერთკონტროლი და ძალთა ბალანსი, სადაც კანონი ყველასთვის კანონობს და უკანონობისთვის ყველა თანაბრად აგებს პასუხს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა უნდა მოიცავდეს ამ სისტემის ყველა რგოლის კომპლექსურ რეფორმას, რაც ერთდროულად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ დღეს არსებული გამოწვევების მთავარი მიზეზი წლების განმავლობაში ამ სფეროში რეფორმების ფრაგმენტულობაა. შესაბამისად, რეფორმა მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს, არამედ პროკურატურას, პოლიციას, საგამოძიებო უწყებებს, სისხლის სამართლის პოლიტიკას და საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის საქმიანობაზე ქმედით საპარლამენტო კონტროლს. ჩვენთვის მთავარი პრინციპია სამართლიანი წესრიგი - არა ყველანი ციხეში ან ყველანი გარეთ („ნაცმოძრაობის" და „ოცნების" ხელწერა), არამედ ანალიზზე, ადამიანის უფლებებსა და კრიმინოგენულ მდგომარეობაზე დაფუძნებული სამართლიანი მიდგომა. შევქმნით სისტემას, სადაც კანონი კანონობს ყველასთვის - არ არსებობენ ე.წ. პრივილეგირებულები, რომლებიც პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევას ახერხებენ ან დაუმსახურებელი შეღავათებით სარგებლობენ.
სასამართლოს გავათავისუფლებთ გავლენის ჯგუფისგან საკონსტიტუციო რეფორმითა და სასამართლოში კორუფციის აღმოფხვრის გზით, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მიერ კორუფციის ფაქტების გამოძიების გზით.
ჩინჩალაძე და მურუსიძე სისტემიდან წავლენ. პრივილეგიებს ჩამოვართმევთ სასამართლოს ელიტურ დაჯგუფებას. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უზრუნველვყოფთ ყველა აქტორს შორის კონსენსუსის მიღწევას, რომ მანკიერი სისტემა გამოსაცვლელია (failed system). ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური
რეფორმა - შევცვლით წევრების ნომინირების წესს და საბჭოს შემადგენლობას რათა თავიდან იქნეს აცილებული საბჭოს დაკომპლექტება ამა თუ იმ პარტიისადმი ლოიალური წევრებით; დავნერგავთ საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებას ე.წ. ორმაგი 2/3-ის წესით; დამოუკიდებელ ინსპექტორს გავათავისუფლებთ საბჭოს გავლენისგან და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას. პროცესი იქნება მტკივნეული, მაგრამ ქვეყანამ ეს ფურცელი უნდა გადაშალოს და დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. დავიცავთ ყველა დამოუკიდებელ და კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომელიც სისტემაში მრავლადაა. წინ წამოვწევთ და მათ ვანდობთ მართლმსაჯულებას. ჩვენს სამართლებრივ სისტემას აქვს კვალიფიციური ადამიანური რესურსი და არ საჭიროებს უცხოელ მოსამართლეებს.