დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი კომპონენტი. ჩვენს მიერ დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმის მთავარი მიზანია ადგილობრივი მმართველობის როლის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში, რაც გულისხმობს მოქალაქეების უშუალო ჩართულობას მმართველობაში. დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა საჭიროებს გადახედვას, რათა შეიქმნას ახალი თვითმმართველი ერთეულები გეოგრაფიული და სამეურნეო თავისებურებების გათვალისწინებით.
ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში, მოხდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდა ახალი საგადასახადო ჩარჩოსა და დელეგირებული უფლებამოსილებების, მათ შორის სახელმწიფო სერვისების მიწოდების შედეგად. ქონების გადასახადისა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის გარდა ჩვენი გეგმაა, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩეს მუნიციპალიტეტებში, რაც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას გააძლიერებს. ასევე, ვგეგმავთ გავზარდოთ გათანაბრებითი და კაპიტალური ტრანსფერების ფონდები, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს მეტი ინვესტიცია განახორციელონ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ჩვენს მიერ დაგეგმილი ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილების გაზრდას ისეთ საკითხებში, როგორიცაა წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვ. აღნიშნული ცვლილებები მოიცავს საკუთარი და დელეგირებულ უფლებამოსილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და მოქალაქეთა საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებას.
აღნიშნულ გაზრდილ ავტონომიასა და ახალ უფლებამოსილებებთან ერთად, გაიზრდება კონტროლის მექანიზმები. კორუფციული რისკების თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნება სპეციალიზებული ანტი - კორუფციული დანაყოფები ადგილობრივ დონეზე, რომელთა მთავარი ფუნქცია მუნიციპალური საქმიანობის მონიტორინგი და კორუფციული რისკებისგან დაზღვევა იქნება.
ასევე, განხორციელდება დამოუკიდებელი ანტი - კორუფციული საზედამხედველო საბჭოს შექმნა, არასამთავრობო და კერძო სექტორის მონაწილეობით, რომელიც ზემოაღნიშნული დანაყოფების საქმიანობას შეაფასებს და მის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.