ჩვენი მიზნად ვისახავთ იმდაგვარ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შექმნის სტაბილურ, მაღალკვალიფიციურ, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებს, სადაც დაცულია შრომითი პირობები და უფლებები და უზრუნველყოფილია პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალური შესაძლებლობები.
ჩვენი დასაქმების პოლიტიკა ორიენტირებული იქნება, რომ უზრუნველყოს ყველა იმ ადამიანის დასაქმება, რომელსაც ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. ამიტომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მოიაზრებს დასაქმების სპეციალურ ზომებს, როგორიცაა: საგანმანათლებლო პროგრამები; დასაქმების ხელშეწყობის სერვისები; საჯარო დასაქმების პროგრამები; მეწარმეობის მხარდაჭერა განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო ბიზნესზე; დასაქმების სუბსიდირება კონკრეტული ჯგუფებისათვის, მაგალითად: გრძელვადიანი უმუშევრები, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი პირები, ქალები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.
ამასთან, ვთვლით, რომ აუცილებელია ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გადააზრება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს გააჩნია განსაკუთრებული როლი ეკონომიკაში და მისი ცალკეული დარგების განვითარებასა და სტიმულირებაში. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ აქტორებს შორის თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის გარემოს უზრუნველყოფა მძლავრი ანტი-მონოპოლიური / ანტი-მონოფსონიური პოლიტიკით, რამაც უნდა შექმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, დასძლიოს ბაზარზე მონოპოლიების, ოლიგოპოლიების და კარტელური გარიგებების არსებობა. იმავდროულად, სახელმწიფოს გააჩნია მნიშვნელოვანი როლი, როგორც ეკონომიკის სტიმულირების, ისე ცალკეული დარგების განვითარებისა და საბოლოო ჯამში ხარისხიანი და მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში. სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი ეკონომიკური შედეგების სამართლიანი გადანაწილებისათვის დანერგოს შესაბამისი საგადასახადო სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ერთიანი ბიუჯეტის შექმნაში. ეს, მათ შორის ნიშნავს წარსულში კორუფციულად და არასამართლიანად შექმნილი საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივ გაუქმებას და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას ამ მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკით შეღავათები შესაძლებელი იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის მიზნად ისახავს მთავარ პირობას ბიზნესისთვის, რომ შეიქმნება ახალი და ღირსეული სამუშაო ადგილები.
მოსახლეობის საჭიროებების, რეგიონებს შორის დაკავშირებულობისა და ეკონომიკის დარგების განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე განხორციელდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა. ეს მოიცავს ისეთ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაფართოვება კახეთის, გურია-სამეგრელოს და რუსთავი-გარდაბნის მიმართულებით, ახალი საქალაქთაშორისო სამგზავრო სისტემის შექმნას, თბილისის მეტროს გაფართოვებას, სახელმწიფო რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტს და სხვ. აღნიშნული გრძელვადიანი პროექტების განხორციელება მნიშნველოვანი ინსტრუმენტი იქნება სახელმწიფოს მხრიდან სამუშაო ადგილების შექმნისთვის.
მწვანე ეკონომიკის განვითარება ასევე ქმნის დამატებით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით იმ გეოგრაფიულ არეალებში, სადაც ბუნებრივი რესურსებისა და ეკოსისტემის მიერ მიღებული ზიანის კონცენტრაცია მაღალია.