ჩვენ ვთვლით, რომ მიზნობრივი, ინდუსტრიული პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის პროდუქტიულობისა და მაღალტექნოლოგიური, მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის ექსპორტის ზრდას, რაც არსებითია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, განსაკუთრებით ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA), მიღებული შესაძლებლობების სრულად ათვისებისთვის.
ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნისას დავაიდენტიფიცირეთ და შემდგომში გავაფართოვებთ სტრატეგიულ ეკონომიკურ მიმართულებებს, რომლებსაც, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი მიდგომებით განვავითარებთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გადამამუშავებელი მრეწველობისა, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სფეროს, განახლებადი ენერგიის, ტურიზმის და არასაბანკო საფინანსო სექტორების განვითარებას და ტექნოლოგიების განვითარებით დაბალპროდუქტიული წარმოებიდან აქცენტის გადატანას მაღალპროდუქტიულ წარმოებაზე. ეს ქვეყნის საექსპორტო კონკურენტუნარიანობას გაძლიერებს. ამ მიზნის განსახორციელებლად: შემუშავდება სექტორული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტები; შეიქმნება ექსპორტის ხელშეწყობის მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო; შეიქმნება ექსპორტის დაფინანსების სააგენტო - სახელმწიფო ფინანსურად და ტექნიკურად მიეხმარება კომპანიებს, განახორციელონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში. განხორციელდება ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის ხელშეწყობა; მოხდება საჯარო სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაციების საბიუჯეტო და შერეული (საბიუჯეტო და განვითარების პარტნიორები) დაფინანსების ზრდა და სხვ;
ჩვენ დავნერგავთ მარკეტინგის თანამედროვე მიდგომებს, რათა განვავითაროთ საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორი, ვაწარმოოთ მაღალი ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ავამაღლოთ ჩვენი გლობალური კონკურენტუნარიანობა. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ადგილობრივი მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილება, რაც ხელს შეუწყობს მზარდი ტურიზმიდან ქვეყნისთვის მეტ შემოსავალსა და გააძლიერებს ქვეყნის საკვების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას.