შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება

ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა ის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო, რის გამოც 4 წლის წინ თქვენი ნდობა და მხარდაჭერა ვითხოვე. ეს ამოცანა ჩემთვის იყო, არის და იქნება უპირობო პრიორიტეტი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი გუნდი ზრუნავდა ჩვენს ქალაქსა და თითოეულ მოქალაქეზე, მრავალი სოციალური პროექტიც განვახორციელეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენი თანაქალაქელების პრობლემები პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მტკივნეული საკითხია და მზად ვართ, ამ მიმართულებით, თბილისელების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. სოციალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საკითხი დგას. სამწუხაროდ, მრავლად გვყავს ოჯახი, რომლებმაც სახლკარი სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეს. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა, ერთიანი ხედვით, ჩამოვაყალიბეთ უსახლკარობის პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტის გზები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სამოქმედო გეგმას. ამას გარდა, ჩვენი მიზანია, კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით, 4 წლის თავზე თბილისში აღარ იყოს არც ერთი დაუმთავრებელი მშენებლობა და დაკმაყოფილდეს ყველა უსახლკარო თუ დაზარალებული ოჯახი. მზრუნველი ქალაქის კონცეფცია თანასწორობის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ერთი მხრივ, მოქალაქეთა საჭიროებების, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. ამის დასტურია უკვე განხორციელებული მხარდაჭერის ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ფორსმაჟორულ პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა და სამომავლო გეგმებში კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ეკონომიკური კრიზისით დაზარალებული სუბიექტების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი საშეღავათო პროგრამებით.

პარტიის პოზიცია
პარტნიორები