მოქალაქეებისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ და თბილისის მასშტაბით ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას ვიწყებთ!
ჩანაცვლების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყება, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებასა და განახლებას.
ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლოატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი.
ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდება. თითოეული ასეთი პროექტი მხოლოდ ყველა მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, მესაკუთრეებს თბილისის მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
მშენებლობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, მაცხოვრებლების ქირით გაყვანას თბილისის მერია დააფინანსებს.
კონკურსის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს სტანდარტულ არქიტექტურას, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტული უბნის ვიზუალსა და დიზაინზე. შედეგად, საბჭოთა დროინდელი არქიტექტურა თანამედროვე ქართული არქიტექტურით შეიცვლება.
ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, არსებული შენობების კონტური არ გაიზრდება, რათა არ მოხდეს ურბანული სივრცეების ზედმეტად ათვისება. ასევე, არ დაიშვება სიმაღლეების არაგონივრული მატება, რაც საშუალოდ 5-სართულიანი შენობების ნაცვლად, საშუალოდ 8-სართულიან შენობებს გულისხმობს.
ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თითოეული პროექტი ავტოფარეხების სრულად დემონტაჟს და მათ ნაცვლად რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
ჩანაცვლების პროექტებს ტენდერის საფუძველზე შერჩეული კერძო სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ. შერჩეული კერძო კომპანიები საზღაურის სახით მიიღებენ ნამატ ფართსა და სუბსიდიას მუნიციპალიტეტისგან, რომლის ოდენობაც ტენდერის მეშვეობით განისაზღვრება.
ჩანაცვლების შემდეგ, მესაკუთრეების მფლობელობაში არსებული ქონების ღირებულება დაახლოებით 60-70%-ით გაიზრდება.
პროგრამის ფარგლებში ყველა მოსახლე იმავე უბანში ახალ, კეთილმოწყობილ და კომფორტულ გარემოში განაგრძობს ცხოვრებას.
პროგრამის ფარგლებში მესაკუთრეებს გადაეცემათ ზუსტად იმ ფართობის საცხოვრებელი სივრცე, რასაც დღეს ფლობენ.
ყველა ახალი შენობა ენერგო ეფექტური იქნება, რაც მოსახლეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირებულ კომუნალურ გადასახადებს ნიშნავს.