შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება

სპორტი ახალგაზრდა და უფროსი თაობისთვის  - სპორტული რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის სპორტით დაკავებული ახალგაზრდებისთვის შემუშავდება სპეციალური საშეღავათო პაკეტები როგორც პროფილაქტიკური და სამედიცინო გამოკვლევების, ისე სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით. პაკეტები უფასო იქნება სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის; უფროსი თაობის მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა სპორტულ ცენტრში, 65 წელს ზემოთ მომხმარებლებისთვის, დღის განსაზღვრულ მონაკვეთში, ნებისმიერი სერვისით სარგებლობა გახდება უფასო.

 

თბილისის სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგა - პროექტის ფარგლებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩამოყალიბდება კლუბები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგებში. მერია უზრუნველყოფს სკოლებში სპორტის პედაგოგების გადამზადებასა და სკოლების აღჭურვას სპორტული ინვენტარით. პროექტში ჩაერთვება თბილისში მოქმედი 300-მდე სკოლა და 39 უმაღლესი სასწავლებელი. გაგრძელდება თბილისის ფეხბურთის მასტერ ლიგის მხარდაჭერა და განვითარება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.

 

სპორტი ინფრასტრუქტურა - გრძელდება 10 მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება დამატებით 8 ცენტრის მშენებლობა. ასევე, გაგრძელდება სპორტული მოედნების მოწყობა, მომდევნო 4 წლის მანძილზე თბილისის ყველა რაიონსა და უბანში ჯამში 500-ზე მეტი სპორტული მოედანი მოეწყობა.

 

მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფელი - კოჯორში, 30,000 კვმ ტერიტორიაზე მწვანე სივრცეში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფელი. ერთიან სივრცეში შეიქმნება საგანმანათლებლო, საცხოვრებელი, საფესტივალო, სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდული ცენტრის კონცეფციას თავისი მასშტაბებით ევროპაში ანალოგი არ აქვს და შეეძლება, წლის ნებისმიერ პერიოდში უმასპინძლოს მასშტაბურ საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ახალგაზრდულ პროექტებს.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზების პროექტი - თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზების პროექტი. შეიქმნება საერთო-სამუშაო, არაფორმალური, თუ საგანმანათლებლო შეხვედრების, ტრენინგების თანამედროვე სივრცეები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალგაზრდობის 3 სახლს, პარალელურად კი, აშენდება 7 ახალი, თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების ცენტრი. პროექტის განხორციელების შედეგად 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს გაუმჯობესებული გარემოთი და ევროპული სტანდარტის ახალგაზრდული სერვისებით.

პარტიის პოზიცია
პარტნიორები