პრივატიზაცია: საქართველოს ტერიტორიების ის უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს მთავრობის ბალანსზეა (მიწები, სანატორიუმები, მაღაროები და ა.შ) და სინამდვილეში არც არავის არ ეკუთვნის უნდა დავურიგოთ ადამიანებს თანაბრად აუქციონებითა თუ სხვადასხვა ტექნიკით. ჩვენი მიზანია, რომ ბუნებრივი წიაღისეული, ტყეები, მინდვრები, მდინარეები, ტბები, რომელიც დღეს იფლანგება უნდა იყოს ადამიანების.
„სახელმწიფო ქონება" თანაბრად და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საქართველოს მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში: სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მლრდ აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება განაწილდება, დაახლოებით, ოთხ მილიონ მოქალაქეზე, რაც შექმნის მესაკუთრეების ახალ ფენას. თითოეული მოქალაქე გახდება რამდენიმე ათეული ათასი დოლარის ღირებულების ქონების მესაკუთრე. მოხუცებს შეეძლებათ ღირსეულად გაატარონ სიბერე და ღირებული მემკვიდრეობა დაუტოვონ მომავალ თაობას. გაჩნდება საკუთრებასთან დაკავშირებული დავების სამართლიანად მოგვარების საჭიროება და სანდო სასამართლოს მოთხოვნილება. გაჩნდება საკუთრების დაცვის მოტივაცია, რაც დაგვაფიქრებს უსაფრთხოების და თავდაცვის საჭიროებაზე. გაჩნდება პატრიოტიზმის საფუძველი. შეწყდება ქართველი ხალხის ქონების უსამართლოდ მითვისება და პირადი მიზნებით გამოყენება ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიერ.
ეროვნული ბანკის სარეზერვო სისტემა: ჩვენი ხედვაა რომ ეროვნული ბანკი აღარ ერეოდეს სავალუტო ბაზარზე, ხოლო დაგროვებული რეზერვები (რომელიც ხალხს წაართვეს) ისევ ხალხს დავუბრუნოთ, რაც თითოეულ მოქალაქეზე 1,200$ შეადგენს.
მულტისავალუტო სისტემა: მთავარი პოლიტიკური მიზანია, დავიბრუნოთ თავისუფლება, გამოვიყენოთ ის ფული, რომელიც გვსურს, იქნება ეს ლარი, დოლარი, ბიტკოინი თუ ოქრო. სიტუაციას დამატებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ მავნებლობას, რომელსაც ეროვნული ბანკი ჩადის, მფარველობს მთავრობა, ქართული ოცნება და საბანკო სისტემა. ფაქტობრივად, ქვეყანაში ჩამოყალიბდა კონგლომერატი, რომელიც ეროვნული ბანკის მეშვეობით დანარჩენ მოსახლეობას თავის სასარგებლოდ ინფლაციის მეშვეობით ძარცვავს. ეს პროცესი, განსაკუთრებით ამორალური ხდება ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანაში, რადგან ღარიბებს ნორმალური ცხოვრების მიღწევის შანსს უკარგავს. საბოლოო მიზნის მიღწევის ყველაზე მარტივი გზა ე. წ. მულტისავალუტო სისტემის შემოღებაა. სისტემის, როცა ადამიანი იმ ფულს იყენებს, რომელიც მისთვის არის უფრო მომგებიანი, იმის ნაცვლად, რომ ერთ ვალუტაზე იყოს დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ეს მომგებიანია, მულტისავალუტო რეჟიმი გვიცავს ეროვნული ბანკის მიერ გამოწვეული ინფლაციისგან - თუ ლარი უფასურდება, შესაძლებელი იქნება სხვა ვალუტაზე გადართვა. თუმცა, მულტისავალუტო რეჟიმი პოლიტიკურად ძალიან რთულად მისაღწევია, რადგან არა მარტო ეროვნული ბანკის, არამედ მთავრობის, ბანკების, მოსყიდული „ექსპერტების" წინააღმდეგობაა დასაძლევი.
გადასახადების შემცირება. გადასახადების შემცირება სწრაფი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, უკვე გულისხმობს მდიდრებისთვის გადასახადების შემცირების, თუმცა ამასთან ერთად გასაუქმებელია ყველა ის გადასახადები, რომელიც მეტწილად ღარიბ მოსახლეობას აწვება ტვირთად, მაგალითად, აქციზები, ქონების და იმპორტის გადასახადები. გადასახადების შემცირება ან გაუქმება განხორციელდება იმგვარად, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არ გაჩნდეს, რადგან სახელმწიფოს ვალი ასევე გადასახადების ნაირსახეობაა, რომელიც ტვირთად მომავალ თაობას აწვება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ამერიკიდან გამოწერილ ნივთებზე საერთოდ არ მოგიწევთ გადასახადის გადახდა და ის უაზრო 300-ლარიანი ზღვარი გაუქმდება, სიგარეტი, ბენზინი თუ სხვა საწვავი გაიაფდება, ხოლო თქვენი შრომით შეძენილ ქონებაზე აღარ მოგიწევთ გადასახადის გადახდა.
განბაჟების გადასახადი: საქართველოს კანონმა მიიღო კანონი "ოფშორების შესახებ" რაც ნიშნავს რომ მდიდარ ხალხს (ბიძინა ივანიშვილს და მის მეგობრებს) შეეძლებათ ოფშორებიდან თავისი ფულისა და ქონების საქართველოში ისე შემოტანა რომ გადასახადებს არ გადაიხდიან. მაგრამ მოქალაქეს 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის გამოწერისას უწევს განბაჟების გადასახადის გადახდა (ნივთისა და ტრანსპორტის ღირებულების 18%). არ შეიძლება მოქალაქეები იყვნენ არათანაბარ პირობებში. ამიტომ, იგივე წესრიგი უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე - ჩვენ ან განბაჟების ზღვარს მაქსიმალურად გავზრდით ან გავაუქმებთ.
ინფლაციის პრობლემის მოგვარება ბრუნვაში ლართან თანაბრად დოლარის, ევროსა და სხვა ვალუტების დაშვება. ეკონომისტები ასეთი სისტემას - მულტისავალუტო რეჟიმს ეძახიან.
თუ ლარს არ ენდობი და გსურს ხელფასი დოლარში აიღო ან სესხი - ევროში, ამის უფლება უნდა გქონდეს. გარდა იმისა, რომ ეს მომგებიანია, მულტისავალუტო რეჟიმი გვიცავს ეროვნული ბანკის მიერ გამოწვეული ინფლაციისგან - თუ ლარი უფასურდება, შესაძლებელი იქნება სხვა ვალუტაზე გადართვა. ამ ბმულზე თუ გადახვალ, იხილავ უფრო მეტს მულტისავალუტო რეჟიმზე.