აფხაზეთის დაბრუნება
აფხაზეთს დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა და მისი ამოხსნა რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული.
● რუსეთის ოკუპაციის დასრულება, რაც შეუძლებელია ძლიერი მეგობრების გარეშე. ამიტომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აშშ-სა და ევროკავშირთან.
● ძლიერი ჯარი არის როგორც სიმშვიდის გარანტი, ასევე ძლიერი არგუმენტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების დროს, როცა არ უნდა გაიმართოს ის. ხოლო, ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია უნარი დაიცვას საკუთარი თავი, ვერასდროს დაიმსახურებს პატივისცემას საერთაშორისო ასპარეზზე.
● ჩვენი შიდა წესრიგი, მათ შორის ეკონომიკური თუ პოლიტიკური, იმდენად მომხიბვლელი უნდა იყოს, რომ თვითონ აფხაზეთის საზოგადოებაში გაჩნდეს დაინტერესება რეინტეგრაციაზე. ამისთვის კი ის რეფორმებია ჩასატარებელი, რომელიც ეკონომიკას, სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მოწყობას რადიკალურად გააუმჯობესებს.
● საკუთრების დავების გადაწყვეტის მექანიზმი წინასწარ უნდა შემუშავდეს. ეს გამორიცხავს ახალი კონფლიქტების გაჩენას და მოაგვარებს არსებულ კონფლიქტს, რომელშიც ერთ მხარეს ქართველია, ვინც სახლი დაკარგა, მეორე მხარეს კი აფხაზი, ვინც ამ სახლში დაიბადა, გაიზარდა ან, უბრალოდ, ომის შემდეგ იყიდა. ამისთვის ტრადიციული სვანური სასამართლოს მექანიზმია გამოსაყენებელი: ქართველი დაასახელებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რა ქონება იქნებოდა მისთვის მისაღები საკუთარი სახლის სანაცვლოდ. ხოლო აფხაზი აირჩევს ან სახლს, რომელშიც ცხოვრობს, ან იმ საკუთრებას, რომელიც ქართველმა დაასახელა. როგორი არჩევანიც არ უნდა იყოს გაკეთებული, ორივე მხარე გარანტირებულად კმაყოფილი დარჩება.