ჩვენ გვსურს მრავალფეროვანი საქართველო, ჩვენი სიძლიერეა რომ კახელები, მეგრელები, აჭარლები, იმერლები განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ზოგადად საქართველოში ყოველთვის არსებობდა მრავალფეროვანი წესრიგი. ჩვენი პარტიის ამოცანაა რეალური დეცენტრალიზაციის მიღწევა: პოლიციის უფროსის, მოსამართლების, პროკურორის არჩევის უფლება, გადასახადების და სხვა სფეროების რეგულირება. საქართველოში უნდა არსებობდეს განსხვავებული წესრიგების კონკურენცია, რომელზეც იდგა ყოველთვის საქართველო. საბოლოო ჯამში ეს არის სწავლა იმ წესრიგთა წესთა პოვნისა, რომელიც გამოსადეგია ქართველებისთვის. საქართველოს მასშტაბით დღევანდელი წესრიგის განსაზღვრაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელიც ქვეყნის სათავეში აღმოჩნდა.
საქართველოში ცენტრალიზებულია ყველა სფერო - გადაწყვეტილებები მიიღება თბილისში ერთი პირის, უკეთეს შემთხვევაში, პირთა შეზღუდული წრის მიერ, სკოლის დირექტორი ვინაობა და ცალკეული პოლიციელების დანიშვნებიც კი თბილისში თანხმდება.
ჩვენი მიზანია ძალაუფლების რაც შეიძლება უფრო ფართო დეცენტრალიზაცია მოხდეს. ჩვენი შეპირებების უდიდესი ნაწილი ზუსტად რომ ამ მიზანს ემსახურება. დეცენტრალიზაცია მოხდება, თუ ცალკეულ მუნიციპალიტეტში ირჩევენ საკუთარი პოლიციის უფროსს და მოსამართლეებს. დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, რადგან აქრობს უკიდურესი სიღარიბის პრობლემას და ამასთან ათავისუფლებს ადგილობრივ ბიუჯეტებს სოციალური დახმარების საჭიროებისგან. ამის შემდეგ კი რეგიონებს უნდა მიეცეთ საკუთარი გადასახადების დაწესების უფლება, რათა მათ შორის კონკურენცია ჩამოყალიბდეს და უკვე რეგიონებმა თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა ურჩევნიათ, შედარებით დაბალი გადასახადები და მეტი ეკონომიკური ზრდა, თუ მაღალი გადასახადები.