საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალს ეფექტურად გამოიყენებს. საქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დაიდება აშშ-თან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ბრაზილიასთან. საქართველოს მეზობლებთან არსებული სავაჭრო რეჟიმი შენარჩუნდება. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდება მხოლოდ სხვა პარტნიორებთან სავაჭრო ბრუნვის ზრდით და ადამიანებისთვის უკეთესი სავაჭრო ალტერნატივების შეთავაზებით. გაღრმავდება პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სწრაფი გაწევრიანებისა და თავსებადობის უზრუნველსაყოფად. შეკავების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დაიწყება დიალოგი პარტნიორებთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ისეთი ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, როგორიცაა ერთობლივი წვრთნები, როტაციული ძალები და ა.შ.