ბუნებრივი საფრთხეებითა და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების (ანთროპოგენური) რისკების შემცირება, პრევენცია და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანა გახდება;
,,მწვანე" პოლიტიკის გატარება იქნება სავალდებულო ყველა დონის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამასთან, შესაძლებელი გახდება, რომ საქართველო იქცეს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტის მწარმოებელ ქვეყნად. საქართველოს ეკონომიკა განვითარდება მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტრო - ამ სახელწოდებით ჩამოყალიბდება ცალკე უწყება და ის რეალურად ჩადგება გარემოს, ჩვენი მოსახლეობისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის სამსახურში. საქართველოს დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ნარჩენების სწორი მართვა, წყლის, ნიადაგის, ჰაერის სისუფთავე და ხარისხის მკაცრი კონტროლი - სამინისტრო სწორედ ამ მიზნებს მოემსახურება.
ძლიერი საქართველო მეგაპროექტებს განახორციელებს ადამიანების ინტერესებსა და გარემოზე მორგებული, თანამედროვე, ევროპული „მწვანე" სამშენებლო პრაქტიკის გამოყენებით, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალე სატენდერო პირობებს და ქართული კომპანიების დახმარებას, რათა ისინი იყვნენ ეფექტიანი, დაიცვან გარემო და უზრუნველყონ ხალხის უსაფრთხოება.