მნიშვნელოვანია თბილისის სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის გაჯანსაღება და აღნიშნული დოკუმენტის რეალობად გადაქცევა, როგორც ქალაქის განვითარების მთავარი გზამკვლევის და კონსტიტუციის.
სამშენებლო რეგულაციების მოქნილი და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული რეფორმირება: მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა ინტერესების დამცველი გახდება.
ჩვენი ხედვით, მშენებლობა-სანებართვო დოკუმენტაციის გადამოწმების პრეროგატივა მერიიდან გავა და დამოუკიდებელი სააგენტოს სახით გააგრძელებს მუშაობას.
ქალაქის მაღალი კულტურული ფასეულობის ზონებში და ახალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობის წინა პერიოდში მოხდება მაცხოვრებელთა ინტერესების გათვალისწინება და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი შემუშავდება.
თბილისში არსებულ მიტოვებულ ნაგებობებსა და ინდუსტრიული დანიშნულების გამოუყენებელ შენობებს მიენიჭება მეორე სიცოცხლე - ეს შენობები საზოგადოებრივი და კულტურული დანიშნულების სივრცეებად გარდაიქმნება.
მაღალსართულიანი და მასიური მშენებლობები მთლიანად გადაინაცვლებს ქალაქის ახალ ცენტრებში და ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი პროცესები აიკრძალება.