არჩევნების შემდეგ აქტიურად დავიწყებთ მუშაობას აშშ-სთან უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რაც გაწერილია კონგრესის „მეგობარი აქტით". შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ქართული პროდუქცია ბარიერების გარეშე გაიტანონ 2 მილიარდიანი მოსახლეობის, ყველაზე მდიდარ ბაზრებზე. ჩვენ ვიქნებით მსოფლიოში მე-5 სახელმწიფო, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ -სთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან.
ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფანი - ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალის რეალიზებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებითა და საქართველოს სარკინიგზო სიმძლავრეების გაზრდით საქართველოს დავუბრუნებთ მის ისტორიულ როლს - საქართველო გახდება ერთადერთი უსაფრთხო და არასანქცირებული დერეფანი ევროპასა და აზიას შორის.