მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა - საგზაო ქსელის მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გზებზე შეუფერხებლად გადაადგილებისათვის და 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს:
1. ახალი გზების, გვირაბების, ხიდების, ესტაკადების მშენებლობას;
2. არსებული გზების კაპიტალურ შეკეთებას;
3. არსებული გზების ორმოულ შეკეთებას.
ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საცობებისგან განსატვირთად საჭიროა, სულ მცირე, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:
რკინიგზის გადატანა - რკინიგზის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო ქსელი განუვითარებელია, საავტომობილო კავშირები და მისადგომობა - გართულებული; უახლოესი სატრანსპორტო კავშირები მხოლოდ 4 კმ-შია. შესაბამისად, თბილისის ცენტრალური ნაწილი ქალაქისთვის გამოუყენებელი და განუვითარებელია, სატრანსპორტო თვალსაზრისით - რთულად მისადგომი. რკინიგზის გადატანით მიმდებარე ქუჩები სატრანსპორტო ნაკადებისგან სრულად განიტვირთება; მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) მიმართულებების შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი. რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, ქალაქის ცენტრალურ უბნებს საათში 2000 მანქანა მოაკლდება. მაგისტრალის განივად მოეწყობა ახალი საავტომობილო კავშირები, მთლიანად განახლდება და განვითარდება რკინიგზის მიმდებარე სატრანსპორტო ქსელი, მოეწყობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი კვანძი. ისნის ხიდის მიმდებარე გზა ორად გაიყოფა: ერთი არტერია გაჰყვება არსებულ სარკინიგზო მაგისტრალს და შეუერთდება ახალ გამზირს.