ხალხის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია: გამართული, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული და საზოგადოებრივად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემა. აქცენტი დაავადების პრევენციაზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ რეალური შესაძლებლობა, თავიანთ ჯანმრთელობაზე დაავადების ჩამოყალიბებამდე და გართულებამდე იზრუნონ.
აუცილებელია ჯანდაცვის სისტემაში მოქცეული სახელმწიფო სახსრების რაციონალური მართვა, რათა ეს სახსრები არ ემსახურებოდეს სხვა, არასამედიცინო ინტერესებით მოტივირებულ ჯგუფებს და მეტმა სიკეთემ მიაღწიოს ამ სფეროში მოსახლეობამდე; მეტი სამედიცინო მომსახურება, მკურნალობა, წამალი შეხვდეს პაციენტს, რომელიც ამას საჭიროებს. ეს გამოწვევა ცალსახად გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარების ფასწარმოქმნის მოწესრიგებას, სამკურნალო საქმის წარმოებისა და წამლის ხარისხის სრულყოფას, სამედიცინო კადრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ქსელის რაოდენობრივი და ხარისხობრივი განვითარების მოწესრიგებას. სახელმწიფო, მატერიალური შესაძლებლობებისა და სამედიცინო ქსელის პოტენციალის ფარგლებში, სრულად უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც თვითონ არ შეუძლია უზრუნველყოს თავისი ჯანმრთელობა. სოციალურად მგრძნობიარე ფენები - ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, უმუშევრები, ომის ვეტერანები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები, სოციალურად დაუცველი პირები - უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ქვეყანაში არსებული სრული სამედიცინო მომსახურებით.